საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებში ერთვება
საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებში ერთვება

საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელ და საორგანიზაციო სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ყველას ამოცანაა, რომ ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიაროს და ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული როლი საქართველოს პარლამენტს ეკისრება.

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველოს 2018 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული როლი აქვს, მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ეს არის ჩვენი ქვეყნის მსოფლიოსთვის წარმოჩენის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ჩვენი, ყველას, საერთო ამოცანაა, რომ ამ ღონისძიებამ რაც შეიძლება, მაღალ დონეზე ჩაიაროს. საზოგადოებაში გარკვეული კითხვები იყო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაინტერესდა, შეხვდა აქტიურად ჩართულ პირებს და გეგმავს, რომ განაგრძოს ამ პროცესისთვის ყურადღების აქტიურად მიდევნება. საქართველოს პარლამენტი აპირებს ხელი შეუწყოს, რომ არ არსებობდეს არანაირი კითხვა და ამ ღონისძიებამ ოქტომბერში ძალიან მაღალ დონეზე ჩაიაროს. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეც იქნება. პარლამენტს თავისი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ მიზნის მისაღწევად და შესაბამისად, აქტიურად ვაპირებთ ამ პროცესში მონაწილეობას. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ ყველას. ამ ღონისძიებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კითხვები არ არსებობდეს და ყველა მაქსიმალურად შეთანხმებულად მოქმედებდეს. ჩვენც ამისთვის ვართ მომართულნი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე მოსამზადებელი სამუშაოების ძირითადი ეტაპები განიხილეს. მისი შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოსთვის სტრატეგიული ღონისძიებაა და ის ჩვენი ქვეყნის კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას პირდაპირ უკავშირდება.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. განვიხილეთ მოსამზადებელი სამუშაოს ძირითადი ეტაპები – ის, რაც გაკეთებულია და ის, რაც მომავალ პერიოდში უნდა გაკეთდეს. ეს არის საქართველოსთვის ძალიან სტრატეგიული ღონისძიება და პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, კულტურის და შესაძლებლობების წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ, პარლამენტი ჩართული იქნება მოსამზადებელი პროცესის განმავლობაში, რათა მომავალ თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები იყოს ხარჯთეფექტური, ყველაფერი გაკეთდეს დროულად და რაც მთავარია, ყველა მხარეს მიეცეს მონაწილეობის და მაქსიმალური კონტრიბუციის შესაძლებლობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის თქმით, მოსამზადებელ სამუშაოებში პარლამენტის ჩართვა პროცესს უფრო გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, კულტურის მინისტრის ჩართულობით, დეტალურად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რათა პროცესი იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, მეტად ეფექტური და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის როლი და ამ პროცესში მისი ჩართულობა ამ პროექტს კიდევ უფრო საჯაროს გახდის. გაიშლება კიდევ უფრო მეტი დისკუსია და სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ ლიტერატურულ და კულტურულ პროგრამაზე, საქართველოს პარლამენტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ მათთვის საინტერესო საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის შეხვედრები და ფორმატი შენარჩუნდება“,- განაცხადა მედეა მეტრეველმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.