საქართველოს პარლამენტი - 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ განსაზღვრა ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად, რასაც იმ დროს არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პარლამენტი - 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ განსაზღვრა ევროატლანტიკური ინტეგრაცია კონსტიტუციურ ამოცანად, რასაც იმ დროს არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდების მცდარობას ასევე უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, – ამის შესახებ ნათქვამია „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო.

საქართველოს პარლამენტის განცხადების თანახმად, 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ  განსაზღვრა კონსტიტუციურ ამოცანად ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელსაც იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

„2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა შესწორება საქართველოს კონსტიტუციაში და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განსაზღვრა, რასაც იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრულ მზაობას, თუმცა საპასუხოდ იღებდა თავშეკავებულ პოზიციას პარტნიორების მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმე ქმნიდა ხელოვნურ დაბრკოლებებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ პარტნიორები იყვნენ“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ შედეგს.

„საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, ხოლო მოგვიანებით მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. 2022 წლის მარტში სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი, რაც „დიფ სთეითმა“, კერძოდ, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.