28-30 დეკემბერს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი პიეტრო პაროლინი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. თბილისის საკრებულოს შენობაში ხვალ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღება იმართება.
პიეტრო პაროლინი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და ეროვნული თუ რეგიონული გამოწვევები. ის მოინახულებს საოკუპაციო ხაზს გორის მიტროპოლიტ ანდრეასთან და სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად. კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირების დასახლებას წეროვანში. ასევე შეხვდება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.
28 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარში, ოფიციალურ მიღებამდე, კარდინალი პიეტრო პაროლინი წირვას გამართავს.
29 დეკემბერს 15:00-დან 18:30 საათამდე კარდინალი პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვევა, სადაც შეხვდება კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს საქართველოში 25 წელზე მეტხნიანი საქველმოქმედო საქმიანობა. კარდინალი ასევე საქართველოში არსებული მისი სამივე – სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესის წარმომადგენლებს შეხვდება.
29 დეკემბერს, 19:00 საათზე კარდინალი ესტუმრება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მესვეურთ, რაც კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კათოლიკურ და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა.
წმიდა საყდარი იყო იმ პირველ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც სცნეს საქართველოს სუვერენიტეტი და გახსნეს თბილისში საელჩოები (წმიდა საყდრის სადესპანო (ვატიკანის საელჩო).
კარდინალი პიეტრო პაროლინი იყო წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილე 2008 წლის კონფლიქტის დროს, როცა პაპმა და წმიდა საყდარმა საქართველოში მშვიდობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთეს საერთაშორისო ფორუმებზე. კარდინალი პაროლინი პირველად სტუმრობს საქართველოს.