საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო არ ადასტურებს
საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო არ ადასტურებს

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში სტიქიას საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, არ დასტურდება.

როგორც „პირველ არხს“ საბერძნეთის ოფიციალურ უწყებებში განუცხადეს, დაღუპულია საქართველოში დაბადებული ეთნიკურად ბერძენი ორი პირი, რომლებიც საბერძნეთის მოქალაქეები არიან, ხოლო ეთნიკურად ქართველების, ან საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის შესახებ ცნობები ამ დროისთვის არ არსებობს.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოში პირველ არხს განუმარტეს, რომ ბერძნული მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს ცნობებს, როცა ინფორმაცია ქართული პასპორტის მქონე პირს ეხება.

საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, ცხელი ხაზისა და სხვა წყაროების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიის დროს საქართველოს ექვსი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ყველა მათგანი სახლში განაგრძობს მკურნალობას.