საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის გამოძიების კვლევითი ცენტრის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელთან, კობა კობიძესთან და მის მოადგილეებთან, ასევე სააგენტოს კიბერუსაფრთხოების, კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ციფრული ექსპერტიზის სპეციალისტებთან  შეხვედრები გაიმართა.

დელეგაცია კიბერდანაშაულისა და ციფრული ექსპერტიზის მიმართულებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიღწევებსა და შესაძლებლობებს გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსა და ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტს შორის კიბერუსაფრთხოების, კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ციფრული მტკიცებულებების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორ სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს საშუალებას მისცემს, გადაამზადოს საკუთარი თანამშრომლები ევროკავშირის სამართალდამცავი უწყებების მიერ აღიარებული სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების მიხედვით.

დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტრეინინგების, კურსების, გაცვლითი ვიზიტების და საკონსულტაციო მომსახურების გაზიარების კუთხით. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს დისტანციური და რეგულარული სასწავლო პროგრამების შემუშავებას; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიღწევების ურთიერთგაცვლას; კიბერუსაფთხოებისა და ექსპერტიზის პროდუქტების და მომსახურების გაზიარებას.

ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთოებისა და კიბერ გამოძიების კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ევროკავშირის ფარგლებში ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც გააჩნია სამართალდამცავი უწყებების საჭიროებებზე მორგებული კიბერუსაფრთხოების, კიბერ გამოძიებისა და ციფრული ექსპერტიზის პროგრამები. ცენტრი წარმოადგენს ევროპოლის კიბერდანაშუალის ცენტრის E3-ის ოფიციალურ პარტნიორს და მონაწილეობს მისი ეგიდით შემუშავებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.

სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კავკასიის რეგიონში წარმოადგენს პირველ სახელმწიფო უწყებას, რომელთანაც ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოებისა და კიბერ გამოძიების კვლევითმა ცენტრმა  თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა.