საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სლოვენიაში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნდა
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სლოვენიაში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნდა

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით, საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდულ ნაკრებს გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ და ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული წარმატება მიულოცეს.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალში, რომელიც 14-დან 18 წლამდე ევროპის საუკეთესო სპორტსმენთათვის განკუთვნილი მულტისპორტული შეჯიბრებაა, საქართველოს 31 წარმომადგენელმა სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი – საგზატკეცილო, ველოსპორტი – სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზა.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა სამი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.

ევროპის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: შოთა ბაჩოშვილი (ძიუდო, -50 კგ.), მერაბ სამადაშილი (ძიუდო, -55 კგ.), მათე გველესიანი (ძიუდო, -66 კგ.), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი ბენდელიანი (ძიუდო, -81 კგ.) და საბა გველესიანი (ძიუდო, -90 კგ.), ძიუდოისტმა შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ.) და ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, საქართველოს ძიუდოს ვაჟთა და გოგონათა შერეული ნაკრები გუნდი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.