საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის პროცედურა იწყება
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის პროცედურა იწყება

მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა განსაზღვრავს წესებსა და პროცედურებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძრავ ქონებას აღრიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებას განახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახური.

სამსახური დაადგენს 1989-1993 წლებში განხორციელებული აერო და კოსმოსური გადაღებებით მიღებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს 1:500 მასშტაბით.

დეკლარაციის შევსებიდან ერთ თვეში ქონების აღრიცხვისთვის მონაცემები გადაეგზავნება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების აღრიცხვა არის აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. რეგისტრაციამდე დაუშვებელია აღრიცხული ქონების მიმართ რაიმე სახის გარიგების დადება. დოკუმენტში მითითებულია, რომ უძრავი ქონების აღრიცხვა არ წარმოშობს სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.

ეს წესი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ უძრავ ქონებაზე. ასევე არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებზეც  გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დღეს 8 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.