საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1575-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 34-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონსოლიდირებული ანგარიში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ წარადგინა. ანგარიში ასახავს 2026 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს.
„მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისთვის და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობა.
ლაშა დარსალიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერების საკითხი. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.
თავის მხრივ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.
ვიზიტის ფარგლებში, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების როლს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.