საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა იმსჯელეს
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს,  მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანთან, მისი ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებული ვითარება იყო.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესების გამო, რაც ართულებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს და საჭიროებს მხარეების ძალისხმევას ვითარების შემდგომი ესკლაციის თავიდან აცილებისათვის. ამ მხრივ მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ყველა შესაძლო ფორმატების აქტიურ გამოყენებას, როგორც არსებული ვითარების განმუხტვის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  მნიშვნელოვანია საკითხისადმი კომპლექსური, გლობალური პროცესების ანალიზზე დაფუძნებული მიდგომა და გამოსავლის გზების ძიება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიური წარმოჩენისთვის და ამ საკითხზე გენერალური მდივნის რეგულარული ანგარიშებისთვის.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხები. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მიესალმა საქართველოს თავმჯდომარეობას და წარმატება უსურვა ქვეყანას აღნიშნული მისიის განხორციელებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თავმჯდომარეობის პრიორიტეტებსა და თავმჯდომარეობის დღის წესრიგზე. ქართული მხარის განცხადებით, საქართველოს საქმიანობა მიმართული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებისკენ.

საქართველო 2019 წლის ნოემბერში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას ექვსი თვის ვადით საფრანგეთისგან გადაიბარებს.