საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ოქტომბერს სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან.

სლოვაკეთის პირველი დიპლომატი ასევე შეხვდება ქართველ კოლეგას, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

ამასთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

„აღსანიშნავია, რომ სლოვაკ მინისტრთან ერთად, საქართველოს ეწვევა სლოვაკური ბიზნეს-დელეგაცია. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართულობით.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ივან კორჩოკი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი