საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, 4-5 სექტემბერს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, ეს იაპონიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტია.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ასევე, ტარო კონო პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ვიზიტის ფარგლებში, ნოტების გაცვლის გზით გაფორმდება შეთანხმება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, იაპონიის მთავრობა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით, ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ.) მშენებლობისთვის 38.735.000.000 იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) გამოყოფს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებას და საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას.