საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო კომპანია „ფრონტერას“ მიმართავს, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჯაროოს
საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო კომპანია „ფრონტერას“ მიმართავს, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჯაროოს

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო კომპანია „ფრონტერას“ მიმართავს, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჯაროოს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, „იმ შემთხვევაში, თუ კომპანია, აღმასრულებელი მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, თავად არ გაასაჯაროებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, სააგენტო იტოვებს უფლებას, თავად გაასაჯაროოს გადაწყვეტილება“.

როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში ამბობენ, კომპანია „ფრონტერამ“ გაავრცელა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი, სააგენტოს ცნობით, კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.

ამასთან, სააგენტო მოუწოდებს „ფრონტერას“, აღასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გაისტუმროს ყველა ფინანსური ვალდებულება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ 2018 წლის 15 იანვარს ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის თაობაზე, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მხრიდან „კონტრაქტით“ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რითიც დადგინა კონტრაქტის არსებითი დარღვევა კომპანიის მხრიდან. აღნიშნული კი, უპირობო უფლებას ანიჭებდა სააგენტოს შეეწყვიტა კონტრაქტი. მიმდინარე წლის 27 აპრილს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გააგზავნა შეტყობინება „ფრონტერა“-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტის თანახმად, ამ შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ანუ მიმდინარე წლის 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა და შესაბამისად, „ფრონტერა“-ს საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შეჩერების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, კომპანია „ფრონტერამ“ გაავრცელა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.

სააგენტო რჩება საერთაშორისო არბიტრაჟისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების ერთგული  და კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანია „ფრონტერას“, შემდგომი ინსინუაციების აღსაკვეთად, გაასაჯაროოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია, აღმასრულებელი მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, თავად არ გაასაჯაროებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, კომპანიის ზემოხსენებული განცხადებები ჩვენ მიერ ჩაითვლება თანხმობად, რის გამოც სააგენტო იტოვებს უფლებას, თავად გაასაჯაროოს გადაწყვეტილება.

მივმართავთ კომპანია „ფრონტერას“, ისარგებლოს საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნებით და განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები ათვისების ფართობზე ჯერ კიდევ საბჭოთა დროში აღმოჩენილ საბადოებზე, კონკრეტულად მირზაანის (17.2 კმ2), ტარიბანის (17.66 კმ2), პატარა შირაქის (1.96 კმ2), ბაიდას (3.71 კმ2), ნაზარლების (0.49 კმ2) და მწარეხევის(1.59 კმ2) საბადოებზე (სულ 42.61 კმ2, რაც შეადგენს XII ბლოკის საერთო ფართობის (5060 კმ2 ) 0.84 %-ს ), რომლებიც ლიცენზიის მიხედვით ასევე სიღრმით არის შეზღუდული.

ასევე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, პატივი სცეს და აღასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, გაისტუმროს ყველა ფინანსური ვალდებულება, პირველ რიგში, სოციალური და პასუხისმგებლობით მოეკიდოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“,- აღნიშნულია საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.

ამასთან, კომპანია „ფრონტერამ“ 24 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა კომპანიის მიმართ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს.