„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ - კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სააგენტომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ დავა მოიგეს
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ - კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სააგენტომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ დავა მოიგეს

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აცხადებს, რომ კორპორაციამ და ნავთობისა და გაზის სააგენტომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ დავა მოიგეს.

კორპორაციის ინფორმაციით, 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

სხვა საკითხებთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა.

გადაწყვეტილების მიხედვით, „ფრონტერას“ დაევალა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა“, – ნათქვამია კორპორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ახლა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებსა და კონტრაქტით მინიჭებული სხვა უფლებების განხორციელების საკითხებს განიხილავენ.

დატოვე კომენტარი