საქართველოს ნაკრებმა ATP Cup-ის გათამაშებაში პირველი მატჩი მოიგო. ჩვენმა გუნდმა B ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ურუგვაის ერთეულთა ორივე მატჩი მოუგო .
თავდაპირველად კორტზე მეორე ნომრები გავიდნენ. მსოფლიოს 679-ე ნომერი ალექსანდრ მეტრეველი 19 წლის ფრანკო რონკადელის ხვდებოდა, რომელსაც ATP-ის რეიტინგში ნომერი არ გააჩნია. ქართველმა ჩოგბურთელმა 52 წუთის ბრძოლის შემდეგ, მეტოქე ძალიან იოლად დაამარცხა – 6:2, 6:1 . მეტრეველს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა – ექვსი შანსი მიიღო და ხუთი გამოიყენა. თავის მხრივ, რონკადელი ერთხელაც არ მისულა ბრეიკ-პოინტამდე. ქართველმა თავის მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა დათმო.
გაცილებით რთული ბრძოლა გამართეს გუნდების პირველმა ნომრებმა. ნიკოლოზ ბასილაშვილისა და პაბლო კუევასის მატჩში სამი სეტის ჩატარება გახდა საჭირო.
პირველ პარტიაში ქართველი აშკარა უპირატესობას ფლობდა – მან რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მხოლოდ მერვე ცდაზე შეძლო შანსის გამოყენება, რითაც სეტში ერთადერთი ბრეიკი აიღო.
აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი – მსაჯების მოქმედებით უკმაყოფილო კუევასმა თამაში შეწყვიტა, ჩანთა ჩაალაგა და კორტიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ამის გაკეთება ბასილაშვილმა გადააფიქრებინა.
მეორე სეტში ბასილაშვილი უშანსოდ იყო – ვერც ერთხელ ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე, მისმა მეტოქემ კი ორიდან ორი ასეთი შანსი გამოიყენა და ერთადერთი გეიმი დაუთმო მეტოქეს.
გადამწყვეტ სეტში თითქმის თანაბარი თამაში მიდიოდა ბასილაშვილის მცირე უპირატესობით. ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ქართველს ჰქონდა – ჯამში ასეთი შვიდი შანსი დაუგროვდა, აქედან ხუთი მატჩბოლი იყო მეათე გეიმში. მეშვიდე ცდაზე, ბასილაშვილმა, როგორც იქნა, მომგებიანი ქულა აიღო და ორ საათსა და ცხრა წუთში გაიმარჯვა – 6:4, 1:6, 6:4.
ასე რომ, საქართველომ წაიყვანა მატჩში ანგარიში 2:0 და წყვილების მატჩი ფორმალობად იქცა. ჩვენი გუნდი, ნებისმიერ შემხვევაში B ჯგუფში გამოსვლას მესამე ადგილზე დაასრულებს.