საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასი პოლონეთთან მარცხით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასი პოლონეთთან მარცხით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მატჩებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი პოლონეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა – 76:87. ეს იყო მოსამზადებელ ეტაპზე მეშვიდე მატჩი, რომელთაგან საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი მოიგო – უნგრეთში.

წაგება ყოველთვის ცუდია, ბევრი კითხვაც გაჩნდა – სკეპტიკოსები მარცხის მიზეზებს ეძებენ, ზოგიერთ გულშემატკივარში აღელვებაც შეინიშნება, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცს არ ეტყობა მღელვარება. ილიას ზუროსი გვახსენებს, რომ ეს მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია და სხვადასხვა ტაქტიკურ მონახაზს ცდის.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებში თებერვლისა და ნოემბრის ფანჯრებში ვერ თამაშობენ ამერიკაში მოასპარეზე კალათბურთელები, ანდრონიკაშვილი და მამუკელაშვილი. გუნდის შეკვრას კი დრო უნდა. ამხანაგურ შეხვედრებში რატისა და სანდროს საკმარისი სათამაშო დრო ეძლეოდათ და თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ. კარგი შეხვედრა ჰქონდათ პოლონეთთან. თუმცა რამდენად კარგად გაიარეს ადაპტაცია და რამდენად კარგად მოემზადა გუნდი, ამას ოფიციალურ მატჩებში დავინახავთ.

რაც შეეხება პოლონეთის ნაკრებთან დაპირისპირებას, საქართველომ პირველი ტაიმი მცირე უპირატესობით მოიგო (41:40), თუმცა მეორე ნახევარი დაიწყო თუ არა, პოლონელებმა სწორედ იმ სტრატეგიას მიმართეს რომლითაც წინა მეტოქეებმა – უნგრეთმა, ისრაელმა, თურქეთმა და საბერძნეთმა მოგვიგეს: სწრაფი თამაში და სამქულიანები. პოლონეთსაც წაუვიდა სროლა და მესამე პერიოდში 16 ქულით დაწინაურდა.

თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. საქართველომ მატჩის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა.

27 ქულით მატჩის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა.

ასე და ამგვარად, საკონტროლო შეხვედრები დასრულდა, უახლოესი ოფიციალური თამაში კი 24 აგვისტოსაა. საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნიდერლანდებს უმასპინძლებს.