საქართველოს ნაკრების წაუგებელი სერია ლუქსემბურგმა შეწყვიტა
საქართველოს ნაკრების წაუგებელი სერია ლუქსემბურგმა შეწყვიტა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და დამარცხდა.

ჟოზი ბარტელის სახელობის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში თავიდან უპირატესობას ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები ფლობდნენ. კარის აღებას ცდილობდნენ გიორგი ხარაიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი და ჯაბა ჯიღაური, მაგრამ მასპინძელთა მეკარე საიმედოდ თამაშობდა. 23-ე წუთზე კი ლუქსემბურგელთა მცველის, დანიელ და მოტას საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კარისკენ წავიდა და საქართველო მეკარე გიორგი მაკარიძემ გადაარჩინა.

მეორე ნახევარში “ჯვაროსნებს” მეტოქის კარის აღების ორი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ოთარ კიტეიშვილის დარტყმას მეკარე გადაეღობა. მასპინძლებმა კი თავისი შანსით ისარგებლეს: მათ სამჯერ მწვავედ შეუტიეს და ბოლოს ბელგიური “ლიერსის” თავდამსხმელმა აურელიენ იოაჰიმმა მიზანს მაინც მიაღწია: 70-ე წუთზე სტუმართა მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა 1:0.

საქართველოს ნაკრები წონასწორობის აღდგენას კი ცდილობდა, მაგრამ შეტევებს ვეღარ ამწვავებდა და საბოლოოდ, შეხვედრა ლუქსემბურგმა მოიგო 1:0 და საქართველოს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ლუქსემბურგი – საქართველო 1:0

გოლები: 1:0 იოაჰიმი (70)

საქართველო: მაკარიძე – ჯიღაური (89. გეგეჩკორი), კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (79. შერგელაშვილი) – კანკავა, აბურჯანია (55. კიტეიშვილი) – ბერიძე (46. ლობჟანიძე), ხარაიშვილი (55. დვალი), ჭანტურიშვილი – კაჭარავა (63. ზივზივაძე)

სათადარიგოები: კვასხვაძე, ხარაბაძე