საქართველოს ნაკრების მეტოქე ელმასი „ნაპოლის“ და მოედანს დაუბრუნდა
საქართველოს ნაკრების მეტოქე ელმასი „ნაპოლის“ და მოედანს დაუბრუნდა

ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრი ელიფ ელმასი ჯანმრთელია. მან წარმატებით გაიარა დეტალური სამედიცინო გამოკვლევა პინეტას კლინიკაში, რის შემდეგაც „ნაპოლიში“ გუნდთან ერთად ვარჯიშები განაახლა.

21 წლის ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა 4 ოქტომბრიდან, როდესაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ელმასმა საბოლოოდ ვირუსი 20 დღის შემდეგ დაამარცხა და ექიმებმა „მწვანე შუქი“ რომ აუნთეს, ჯენარო გატუზოს განკარგულებაში გადავიდა.

დიდი პაუზის შემდეგ ფეხბურთელი ჯერ სათამაშოდ მზად არაა და ვარჯიში ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განაახლა, ნეაპოლელთა გუნდს კი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების შემდეგ შეუერთდება.

იტალიური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ელმასი ჯანმრთელია, რისკი თავიდან აარიდეს და ევროპის ლიგაზე „რეალ სოსიედადთან“ მატჩზე სან-სებასტიანში არ წაიყვანეს. მაგრამ ბალკანელი ფეხბურთელი გუნდს სერია A-ს უახლოეს მატჩში შეუერთდება – „ნაპოლი“ 1 ნოემბერს „სასუოლოს“ საშინაო არენაზე დაუპირისპირდება.