საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი დაშავდა
საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელი დაშავდა

საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, ბაჩანა არაბული და გიორგი ლორია საფეხბურთო მატჩების დროს დაშავდნენ.

ესტონეთის ნაკრებთან 27 მარტს დაშავებული ბაჩანა არაბული გამოჯანმრთელდა და უნგრეთის თასზე ”ბალმაზუივაროშში” გოლიც გაიტანა, თუმცა ტრავმა გაუმწვავდა, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

უნგერეთის ჩემპიონატის ბოლო 27-ე ტურის შეხვედრაში ქართველების “ბალმაზუივაროში” “ჰალადაშს” ესტუმრა და ქულა (0:0) მოიპოვა.

არაბული, ისევე როგორც ირაკლი მაისურაძე, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მე-16 წუთზე საქართველოს ნაკრების წინახაზელმა თავდამსხმელმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. წინა ტურში კი, ”ბალმაზუივაროშის” მესამე ქართველმა, ლაშა შინდაგორიძემ ვარჯიშზე ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა.

გიორგი ლორიასაც დროებით დასვენება მოუწევს. რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში, საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა, მახაჭყალის ”ანჟიმ” სახლში ეკატერინბურგის ”ურალი” მიიღო. სხვათაშორის, ამ გუნდში ჯვარედინი იოგების დაწყვეტის გამო, გიორგი ჭანტურია არ თამაშობს – მან ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია ახლა დაიწყო.

59-ე წუთზე, მეტოქის ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ ლორია ცუდად დაეცა და მარცხენა ხელზე იდაყვი ატკივდა. ქართველმა მეკარემ თამაშის გაგრძელება სცადა, თუმცა 64-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. ჯერ ლორიას ტრავმის სიმძიმე უცნობია. ”ანჟიმ” ამის შემდეგ გაუშვა და 0:1 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ლევან მჭედლიძემ უმძიმესი ტრავმა მიიღო და ვარჯიში მხოლოდ ახლა განაახლა. შარშანვე ორჯერ ჯვარედინი იოგების ოპერაცია თორნიკე ოქრიაშვილმა გაიკეთა. წელს, მარტში, საქართველოს ნაკრების შეხვედრაზე იგივე დაემართა ჯანო ანანიძეს, ვაკო გვილია და ბაჩანა არაბული კი კლუბებში შედარებით ნაკლები სიმძიმის დაზიანებებით დაბრუნდნენ.

ბოლო ერთ კვირაში კი თავიანთი კლუბების შეხვედრებში ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი და ლუკა ზარანდიაც დაშავდნენ.