საქართველოს ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე შენგელიასა და ცინცაძის ტრავმებზე #1TVSPORT
გასულ კვირას „ზენიტთან“ ევროლიგურ მატჩში თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო. მის შესახებ რუსულმა გამოცემებმა მეორე დღესვე დაწერეს – ორი თვე გაუცდებაო. მოგვიანებით ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა აღნიშნა, რომ თოკო ხელს უკვე ამოძრავებს, იმედი დაიტოვა, რეაბილიტაციის პროცესი კარგად ჩაივლის და, რაც მთავარია, მალე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ 26 და 29 ნოემბერს საქართველოს ნაკრები უკრაინასა და ესპანეთს ეთამაშება. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შენგელიას დახმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი ცინცაძის ტრავმაც, რომელიც მან ოქტომბრის დასაწყისში დუდუ დადიანის მემორიალზე მიიღო.
ცინცაძისა და შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალურად გვესაუბრა საქართველოს ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე:
„თორნიკემ მხრის არეში ტკივილი „ზენიტთან“ მატჩის შემდეგ იგრძნო. საავადმყოფოში ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და გამოჩნდა მხრის სახსრის როტატორული მანჟეტის ნაწილობრივი დაზიანება. დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობის კურსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებითა და ფიზიოთერაპიით, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება“.
ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა ვადა, რაც შენგელიას რეაბილიტაციისთვის დასჭირდება.
„დღეს რთულია თქმა, როდის შეძლებს შენგელია თამაშს. მკურნალობის დინამიკიდან გამომდინარე განისაზღვრება მისი სპორტში დაბრუნების დრო“, – გვითხრა თემურ ხვედელიძე, რომელიც კლინიკა „სპორტული მედიცინა და ბიოლოგიის“ ხელმძღვანელია.
გიორგი ცინცაძის ტრავმა შედარებით სერიოზულია:
„ცინცაძეს მატჩისას მუხლის სახსრის წინაჯვარედინი იოგი დაუზიანდა. სწორედ ის ადგილია, რომელზეც 2011 წელს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჯერადაც ქირურგიული ჩარევაა საჭირო და სწორედ ოპერაციისას განისაზღვრება დაზიანების ხარისხი. თუ იოგს აქვს რესურსი თერაპიის ფონზე გაუმჯობესდეს, დიდი ჩარევა არ დასჭირდება და რეაბილიტაციისთვის 6 თვე უნდა ვივარაუდოთ. თუ დიდი ჩარევა დასჭირდა, რეაბილიტაცია 9 თვემდე გაგრძელდება. ოპერაცია ამ კვირის ბოლოსაა დაგეგმილი და მას ორთოპედ-ქირურგი ლევან ნაჭყებია გააკეთებს“.
ასე და ამგვარად, ცინცაძის მოედანზე დაბრუნებას მომავალი წლის ზაფხულში უნდა ველოდოთ, ხოლო თორნიკე შენგელია მოასწრებს თუ არა რეაბილიტაციას ნაკრების უახლოეს მატჩამდე (26 ნოემბერი, უკრაინა) მკურნალობის დინამიკაზეა დამოკიდებული.