საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ვენესუელას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ვენესუელას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი ელის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ვენესუელას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავა. საქართველოსა და ვენესუელას მატჩი იაპონიის ქალაქ ოკინავას არენაზე თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

წარმატების შემთხვევაში საქართველო შესაძლებელი 6 ქულიდან 5-ს მოაგროვებს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვებას გაიყოლებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს სამი მოგების მქონე გერმანია და ჩვენსავით ორი მოგების მქონე ავსტრალია დახვდება, რომლებთან ორთაბრძოლაშიც კიდევ უფრო შორს – მანილაში წასვლისა და მეოთხედფინალში თამაშის შანსი ექნება.

ჯგუფი ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ დიდი შანსია, საქართველო ვენესუელასთან მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს ჯგუფიდან, თუმცა ასეთ შემთხვევაში მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 (კაბო ვერდესთან) გამარჯვება გაჰყვება და მეოთხედფინალში გასვლის ჭრილში ფაქტობრივად უშანსოდ იქნება. ამიტომ ვენესუელასთან მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ზუსტად ვიცით ვენესუელელთა ძლიერი და სუსტი მხარეები. გუნდი აქცენტს სწრაფ შეტევასა და ზუსტი სამქულიანების შესრულებაზე აკეთებს. ამ მხრივ მოწინააღმდეგე მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და წინა ხაზში ჩვენი უპირატესობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. უკანდასახევი გზა არ გვაქვს – მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ და იმედია, გავიმარჯვებთ“ – განაცხადა გოგა ბითაძემ, რომელზეც, ისევე როგორც საქართველოს ნაკრების სხვა წინახაზელებზე, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ვენესუელას ნამდვილად არ ჰყავს იმდენი მაღალი დონის ტანმაღალი კალათბურთელები, რომ საქართველოს კონკურენცია გაუწიონ. თუმცა მათ ერთი დიდი პრობლემაც დაემატათ – კაბო ვერდესთან მატჩისას ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მაიკლ კარერამ. ის საქართველოსთან ვერ ითამაშებს.

ასე და ამგვარად, მეტოქისგან უნდა ველოდოთ პერიმეტრიდან ტყორცნებს. სლოვენიასთან ვენესუელელები სამიანს სამიანზე ისროდნენ. ასე იქნება საქართველოსთანაც. თუმცა, როგორც კალათბურთელები ამბობენ, გუნდი ტაქტიკურად მზადაა და ვენესუელასთან გამარჯვებისთვის ემზადება.