საქართველოს ნაკრები გლაზგოში შოტლანდიას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები გლაზგოში შოტლანდიას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად დაუპირისპირდება. „ჰემპდენ პარკზე“ გასამართ თამაშს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (102,3).

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი თამაშს ფრთხილი ოპტიმიზმით ელის, რაზეც პრესკონფერენციაზე მისი ფრაზა მეტყველებს: „საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი დასაწყისის შემდეგ შოტლანდიელები საკუთარ მოედანზე წნეხს იგრძნობენ. ჩვენ უფრო თავისუფლად ვიქნებით და შევეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ“.

გუნდების მდგომარეობა შეხვედრის წინ

A ჯგუფში შოტლანდიას სამ შეხვედრაში სამი გამარჯვება აქვს და ცხრა ქულით პირველ ადგილზეა. საქართველო მეორე პოზიციას იკავებს – შინ ნორვეგიასთან ქულის (1:1) აღების შემდეგ, გუნდმა პირველი გამარჯვება კვიპროსში (2:1) მოიპოვა. შოტლანდიელებმა მარტში საკუთარ მოედანზე კვიპროსთან (3:0) და ესპანეთთან (2:0) გაიმარჯვეს, 17 ივნისს კი – სტუმრად ნორვეგიასთან (2:1).

18 თვეზე მეტია, საქართველოს ნაკრების წარმატებული სერია გრძელდება. „ჯვაროსნები“ 15 თამაშში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ (მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტ მაროკოსთან), შოტლანდიამ კი საკუთარ მოედანზე ბოლო ხუთი შეხვედრა მოიგო.

საქართველოს ნაკრებმა ამ 15 მატჩიდან 11 მოიგო. დამარცხებულთა შორის არიან – შვედეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი და ჩრდილოეთ მაკედონია. ბოლო ორ მეტოქესთან ერთა ლიგაზე სტუმრად (ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0) გამარჯვებები ამ სერიის მთავარი მომენტი იყო.

სავარაუდო შემადგენლობებზე

სანიოლის მუშაობიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, შოტლანდიასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შეიცვალოს. კარში რომ გიორგი მამარდაშვილი იქნება, ეს ფრანგმა უკვე თქვა. სავარაუდოდ, შეტევაში, გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად, ზურიკო დავითაშვილს ვიხილავთ.

ნახევარდაცვაში, დიდი ალბათობით, სანიოლი უფრო დაცვითი სტილის მოთამაშეებს მიენდობა. ამ კუთხით, არ გამოვრიცხოთ, ძირითადში ლუკა გაგნიძის გამოჩენა, რომელმაც კვიპროსთან მოედნის ცენტრში თამაში გუნდისთვის სასიკეთოდ შეცვალა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

შოტლანდიამ საქართველო 2008 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში გლაზგოში ორჯერ დაამარცხა, მაგრამ ორივე შემთხვევაში თბილისში წააგო. 2007 წლის 17 ოქტომბერს ლევან მჭედლიძისა (16) და დავით სირაძის (64) გოლებით 2:0 მოვიგეთ, ხოლო 2015 წლის 4 სექტემბერს – ვაკო ყაზაიშვილის (37) ზუსტი დარტყმით – 1:0.

ორივე მარცხი ბრიტანელებს ძალიან ძვირად დაუჯდათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თვალსაზრისით. შოტლანდიას იოლად არც საშინაო შეხვედრები მოუგია. ალექს მაკლიშის გუნდმა 2007 წელს კრეიგ ბიტის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა 2:1. მეორედ კი, 2014 წლის ოქტომბერში, „აიბროქსზე“ აკაკი ხუბუტიას ავტოგოლით 1:0 მოიგო.

საქართველოს ნაკრების განაცხადი:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი).

 

 

ევრო 2024 საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები:

28 მარტი

საქართველო – ნორვეგია 1:1

17 ივნისი

კვიპროსი – საქართველო 1:2

20 ივნისი

შოტლანდია – საქართველო

8 სექტემბერი

საქართველო – ესპანეთი

12 სექტემბერი

ნორვეგია – საქართველო

15 ოქტომბერი

საქართველო – კვიპროსი

16 ნოემბერი

საქართველო – შოტლანდია

19 ნოემბერი

ესპანეთი – საქართველო