საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე საბერძნეთს შეხვდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება, ხოლო მის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
იტალიასთან თორნიკე შენგელია ორი არასპორტული შენიშვნის გამო მოედნიდან გააძევეს, თუმცა ეს მომდევნო მატჩის გამოტოვების საფუძველი არ არის. როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრებმა იცის, რა მიზანი აქვს და რომელ მატჩზე გაამახვილოს ყურადღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგია იმ მატჩებისთვის უნდა გამოიზოგოს, რომლებშიც უშუალო კონკურენტთან გამარჯვება სჭირდება. ასეთად ბოსნია-ჰერცეგოვინა გვესახებოდა, თუმცა საწყის ტურში ესპანეთის დამარცხების შემდეგ საკითხავია, მესამე-მეოთხე ადგილისთვის მებრძოლი გუნდია ჩვენი ნაკრების უშუალო კონკურენტი თუ პირველი ადგილისთვის.
საბერძნეთის მწვრთნელმა მეორე ტურში გუნდის ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო დაასვენა, თუმცა მის გარეშეც იოლად სძლია კვიპროსს.
ევროპის ჩემპიონატზე 24 ნაკრები ოთხ ჯგუფშია გადანაწილებული. პლეი ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს.

ურთიერთშეხვედრები
საბერძნეთის ნაკრები ის გუნდია, რომელთანაც „ჯვაროსნებს“ ერთ-ერთი ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 2025 წლის ევრობასკეტზე ეს გუნდები ისტორიაში მეათედ დაუპირისპირდებიან.
პირველად ბერძნებს 1996 წელს ვეთამაშეთ, ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე. თბილისშიც დავმარცხდით და სტუმრადაც, თუმცა თბილისში ნამდვილად იყო გამარჯვების შანსი.
2011 და 2015 წლებში საბერძნეთის ნაკრებს ევრობასკეტებზე დავუპირისპირდით, პირველ შემთხვევაში მათი მწვრთნელი ილიას ზუროსი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში მათ რიგებში იანის ანტეოკუნმპო თამაშობდა. 10 წლის წინ იანისი არ იყო NBA-ს ჩემპიონი, არც MVP-ს ტიტული ჰქონდა მოგებული და ჩვენთან მატჩში დიდად არ გამოირჩა.
ამჯერად სხვაგვარად იქნება – იგი საბერძნეთის ნაკრების სული და გულია და ჩვენს მცველებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ მის შესაჩერებლად.
ერთადერთი მატჩი, რომელშიც ბერძნები დავამარცხეთ, ათენში შედგა, აკროპოლისის თასზე. 2017 წელს საქართველოს ნაკრებმა შემდეგ სერბეთსაც სძლია და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

კომენტარები
ბექა ბურჯანაძე:
„საბერძნეთს ვეთამაშებით შეუსვენებლად, იტალიასთან მატჩის მეორე დღეს. კალათბურთელის თვალთახედვით, ეს დაუშვებელია. იტალიასთან ბოლო წამებამდე მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ, დიდი ენერგია შევალიეთ. მეორე დღეს საბერძნეთს უნდა დავუპირისპირდეთ და ყველამ კარგად იცის, როგორი ბრძოლა გველის. როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად აღდგენა და დასვენება ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია“.
ალექსანდრ ჯიკიჩი:
„ვფიქრობ, ბექამ კარგად ახსნა, რამდენად რთულია ზედიზედ ორი თამაშის ჩატარება. ამის საწინააღმდეგოდ არის არგუმენტი – ორივე გუნდი ერთ მოცემულობაშია. როგორ ვითამაშებთ საბერძნეთის წინააღმდეგ? – ვიცით, რატომ ვართ აქ, კვიპროსში. არ მივდივართ ოქროს მედლისკენ, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ“.
ვასილის სპანულისი (საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
„ეს პირველი შემთხვევა იქნება ამ ტურნირზე, როდესაც დღის პირველ თამაშში მოგვიწევს მოედანზე გასვლა. ამიტომაც კარგად დასვენება და მომზადება უნდა მოვასწროთ. საქართველოსთან მატჩში სრული კონცენტრაციაა საჭირო. ვიცით, რომ ფიზიკურად მძიმე მატჩი იქნება, უკვე მესამე თამაშია და ძალების სწორი გადანაწილებაა საჭირო“.
|
28 აგვისტო – ხუთშაბათი |
|
| საქართველო 83:69 ესპანეთი |
| ბოსნია-ჰერცეგოვინა 91:64 კვიპროსი |
| საბერძნეთი 75:66 იტალია |
|
30 აგვისტო – შაბათი |
|
| იტალია 78:62 საქართველო |
| კვიპროსი 69:96 საბერძნეთი |
| ესპანეთი 88:67 ბოსნია-ჰერცეგოვინა |
|
31 აგვისტო – კვირა |
|
| საქართველო VS საბერძნეთი |
| ესპანეთი VS კვიპროსი |
| ბოსნია-ჰერცეგოვინა VS იტალია |
|
2 სექტემბერი – სამშაბათი |
|
| საბერძნეთი VS ბოსნია-ჰერცეგოვინა |
| კვიპროსი VS საქართველო |
| იტალია VS ესპანეთი |
|
4 სექტემბერი – ხუთშაბათი |
|
| ბოსნია-ჰერცეგოვინა VS საქართველო |
| იტალია VS კვიპროს |
| ესპანეთი VS საბერძნეთი |