საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეორე მატჩს იტალიასთან გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეორე მატჩს იტალიასთან გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მეორე მატჩს იტალიასთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

 

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრები ისტორიაში ყველაზე მეტჯერ სწორედ იტალიას შეხვდა – 13-ჯერ. სტატისტიკა არასახარბიელოა – ცამეტივე შემთხვევაში „სკუადრა აძურამ“ გაიმარჯვა.

თუმცა არის ერთი საინტერესო ტენდენცია: 1990-იან და 2000-იან წლებში ჩვენს გუნდს იტალიასთან გამარჯვების შანსიც არ ჰქონია. ბოლო დროს კი იყო რამდენიმე მატჩი, რომლებშიც ქართველები ძალიან ახლოს იყვნენ მოგებასთან.

გავიხსენოთ 2015 წელი, როცა ტრიესტეს ტურნირზე საქართველო ბოლო წამებზე დამარცხდა, არადა, იტალიელმა არბიტრებმა იმ მატჩში გადამწყვეტ მომენტში აშკარა ჯარიმა არ დააფიქსირეს, რასაც შეეძლო, მატჩის ბედი ჩვენს სასარგებლოდ გადაეწყვიტა.

შემდეგ იყო ევრობასკეტი 2017. საქართველოს ნაკრებმა იტალიელებთან თანაბრად ითამაშა, გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო წუთზე დანიელ ჰაკეტის მიერ ჩაგდებული ორქულიანი. თუმცა უკანასკნელ წამებზე ქართველებიც ძალიან ახლოს იყვნენ მატჩის ოვერტაიმში გადაყვანასთან.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევზე იტალიის ნაკრებს თბილისში თითქმის მოვუგეთ. ბოლო შეტევა თორნიკე შენგელიამ ზუსტი ტყორცნით დაასრულა, თუმცა მსაჯებმა ვიდეოეკრანზე გაამეორეს და აღმოჩნდა, რომ ტყორცნისას სათამაშო დრო ამოწურული იყო. გამეორების შემდეგ იტალიამ თბილისში დიდი ზეიმი გამართა. საქართველოს კი 26 თებერვლამდე მოუწია მოცდა, ვიდრე ისლანდიასთან მატჩს სასურველი ანგარიშით დაასრულებდა და თავადაც გავიდოდა მუნდიალზე.

საქართველო

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანი გაჩნდა: ითამაშებს თორნიკე შენგელია? შეკრებისას არასრული შემადგენლობით ვარჯიში რამდენად იმოქმედებდა გუნდის შეთამაშებაზე? რას უნდა ველოდოთ ქართველებისგან ევრობასკეტი 2025-ზე?

ამ შეკითხვებს ესპანეთთან პირველმა მატჩმა მოკლე პასუხები გასცა:

შენგელიამ ითამაშა და გამარჯვებაში (83:69) დიდი წვლილი შეიტანა;

მოსამზადებელ ეტაპზე ალექსანდრ ჯიკიჩმა დიდი მოცულობის სამუშაო გასწია და ესპანეთთან კარგად გამოჩნდა, რომ ევროპის ჩემპიონატს საქართველო მომზადებული შეხვდა;

ბერძენმა ჟურნალისტებმა გოგა ბითაძეს ჰკითხეს: საქართველოსგან ჯგუფში პირველ ადგილს უნდა ველოდოთო?  გოგამ უპასუხა: „თუ დანარჩენი ოთხიდან ვერცერთი მოვიგეთ, შეიძლება, ბოლო ადგილზეც გავიდეთ. ესპანეთთან გამარჯვება კარგია, მაგრამ ემოციას არ უნდა ავყვეთ, მომდევნო მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და დავიკავებთ თუ არა პირველ ადგილს, 4 სექტემბერს გამოჩნდება“.

იტალია

მართალია, აპენინელებს ამ ევროპის ჩემპიონატზეც ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ არის ერთი განსხვავება წინა ევრობასკეტების იტალიასთან – არ ჰყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ლუიჯი დატომე, მარკო ბელინელი, ანდრეა ბარნიანი…

მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ კვიპროსში ჩაიყვანა NBA-ს ვარსკვლავი გალინარი, რომელმაც ევრობასკეტამდე განაცხადა, საკალათბურთო თვალსაზრისით ასაკში ვარ და ამ ჩემპიონატის მერე სანაკრებო კარიერას ვასრულებო. იტალიელებს სურდათ „მინესოტა ტიმბერვულვზის“ კალათბურთელის, დი ვინჩენცოს დამატება, მაგრამ ბოლო მომენტში არ გამოუვიდათ.

ასეა თუ ისე, ერთის თქმა დაბეჯითებით შეიძლება: მწვრთნელის, ჯანმარკო პოცეკოს დამსახურებით იტალიელებს ამ ევრობასკეტზე ერთ-ერთი ყველაზე შეკრული გუნდი ეყოლებათ. თუმცა საქართველოს ნაკრებს ნამდვილად აქვს კარგი შანსი, არასახარბიელო ტრადიცია დაარღვიოს და იტალიასთან ისტორიაში პირველად გაიმარჯვოს.

 

მწვრთნელების ხედვა:

ჯანმარკო პოცეკო:

„როდესაც კალათბურთს ვთამაშობდი, იუგოსლავია და რუსეთი (საბჭოთა კავშირი) ახალი დაშლილი იყო, საიდანაც ძლიერი საკალათბურთო ქვეყნები გამოვიდა. ხორვატია, ლიეტუვა და კიდევ 3-4 ნაკრები მართლაც დიდ ძალას წარმოადგენს და ამიტომაც არ გამკვირვებია საქართველოს ესპანეთთან გამარჯვება.

ესპანეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ საქართველომ აჯობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად რთულ ჯგუფში ვართ“.

ალექსანდრ ჯიკიჩი:

„ოთხკვირიანი მომზადების დროს სრული შემადგენლობით მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ. ასე რომ, აქ არანაირ ჩემს სასწაულზე არ არის საუბარი – უბრალოდ ბიჭებმა გუნდურად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ვფიქრობ, დღეს ფიზიკურად ძალიან ძლიერები გამოვჩნდით და შედეგიც მივიღეთ. ეს მხოლოდ ერთი გამარჯვებაა. წინ ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. კარგია, რომ ესპანეთს მოვუგეთ, მაგრამ მთავარი მიზნისკენ უნდა ვიყოთ მიმართული. ეს ძალიან რთული მისიაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

 

C ჯგუფი მოგება წაგება სხვაობა ქულები
ბოსნია-ჰერცეგოვინა 1 0 91:64 2
საქართველო 1 0 83:69 2
საბერძნეთი 1 1 75:66 2
იტალია 0 1 66:75 1
ესპანეთი 0 1 69:83 1
კვიპროსი 0 1 64:91 1
28 აგვისტო – ხუთშაბათი  
საქართველო 83:69 ესპანეთი
ბოსნია-ჰერცეგოვინა 91:64 კვიპროსი
საბერძნეთი 75:66 იტალია

 

30 აგვისტო – შაბათი   
იტალია VS საქართველო
კვიპროსი VS საბერძნეთი
ესპანეთი VS ბოსნია-ჰერცეგოვინა