საქართველოს ნაკრები ბულგარეთშია - წიტაიშვილის ტრავმა საშიში არ გამოდგა #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთშია, სადაც ჩვენი გუნდი ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან უეფა-ს ერთა ლიგის მეორე შეხვედრას გამართავს.
ვილი სანიოლის გუნდი ვარნაში 3 ივნისს ჩავიდა. საქართველოს ნაკრები მეორე ტურის მატჩისთვის თამაშის მასპინძელ ქალაქ რაზგრადში მოემზადება.
4 ივნისს, ბულგარეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები რაზგრადის „ლუდოგორეც არენაზე“ ივარჯიშებენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთში 29 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. გუნდშია გიორგი წიტაიშვილიც, რომელიც გიბრალტართან პირველ შეხვედრაში დაშავდა. საბედნიეროდ, მისი ტრავმა საშიში არ გამოდგა და სათამაშოდ მზადაა.
4 ივნისის განრიგი (თბილისის დროით):
18:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
20:30 – ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
21:00 – ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში
ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.