საქართველოს მუზეუმში მოქანდაკე გუჯი ამაშუკელის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერისთვის შექმნილი ჭედური ყდის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
საქართველოს მუზეუმში მოქანდაკე გუჯი ამაშუკელის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერისთვის შექმნილი ჭედური ყდის პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]

ხელოვნების დარგში 44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოს ცნობილი ქართველი მოქანდაკე გუჯი ამაშუკელი ეწვია.

საქართველოს მუზეუმში გუჯი ამაშუკელის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერისთვის შექმნილი ორიგინალური ჭედური ყდის პირველი სამუზეუმო ნაკეთობის პრეზენტაცია გაიმართა.

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოქანდაკე გუჯი ამაშუკელი ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდოს – ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის, ასევე საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერია.

„ვეფხისტყაოსანის“ უნიკალური სამუზეუმო ეგზემპლარი შეიქმნა 2018 წელს, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ, გივი და დიმიტრი აბდუშელიშვილების ოჯახის ინიციატივითა და მხარდაჭერით. მხატვრობა ეკუთვნის სოფიო კინწურაშვილსა და თამაზ ვარვარიძეს. კალიგრაფები არიან დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ნინო იკაშვილი, ანა გოქაძე და ლევან ცხვირავაშვილი.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა შექმნილია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა – სერპანტინი, პირინეის ქვა, ნაცრისფერი და წითელი იასპი, ამეთვისტო, მთის ბროლი, დართვილული ვარდისფერი კვარცი, აქატი, სოდალიტი, ქალცედონი, ლაზურიტი, შევარდნის თვალი, ამაზონიტი, ავანტურინი, ტანზანიტის იასპი. ნამუშევარში ასევე გამოყენებულია მეტეორიტის ქვები.

პრეზენტაციის შემდეგ, „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი აშშ-ში, ნიუ-იორკში გაიგზავნება, სადაც გაერო-ს არტკოლექციაში განთავსდება.