საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი - სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და არ ავყვეთ პროვოკაციებს, სოფელ ბუკნარში ლოცვები გაგრძელდება
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი - სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და არ ავყვეთ პროვოკაციებს, სოფელ ბუკნარში ლოცვები გაგრძელდება

ჩოხატაურის მერიასთან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.

მისი განცხადებით, შეთანხმება შედგა, პრობლემა მოგვარებულია და ხვალ სოფელ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა შესრულდება.

ამასთან მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მერიის წინ შეკრებილები მუფტის პოზიციას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ პრობლემა არ მოგვარებულა. ისინი მუფტს მხარდაჭერისკენ და მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდებენ.

,,საქართველოში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანები და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში. ეს ასეა დღესაც. ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ისტორიული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. ძალიან სამწუხაროა, რაც სოფელ ბუკნარში ორი დღის წინ მოხდა. ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ამ მოვლენამ. მე გახლდით იმ საღამოს ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს, მათ ვისაუბრე.

ჩვენი მიზანია, ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი ისევ დაუბრუნდეს მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ქვეყნის ხალხი ვართ, ერთი ერის ხალხი ვართ, ერთი სისხლი ვართ, ერთი ხორცი ვართ. ამიტომ ეს ქვეყანა ყველასია.

ჩვენ სახელმწიფოდან დაწყებული, იგივე მასმედიის საშუალებებმა, სასულიერო პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული აღმსარებლობის თავისუფლების გარანტი ვიყოთ. ამიტომ ღმერთს მადლობა, ლოცვები გაგრძელდება. ის, რაც მოხდა სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. უნდა გავისარჯოთ და დავიხარჯოთ, რათა სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს.

ვფიქრობ, გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც გაიმართა შეხვედრები და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ არ იქნებ არანაირი პრობლემა, მხარში გვიდგანან, ლოცვები გაგრძელდება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სოფელი დაუბრუნდება ძველ, მშვიდობიან დროს“, – განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა, ადამ შანთაძემ.

ჩოხატაურის მერიასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მუსლიმთა თემის წარმომადგენელი ფირუზ წულუკიძე, რომელიც გურიაში აჭარიდან ჩავიდა, აცხადებს, რომ ყველა მუსლიმის გვერდით დადგებიან ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, სადაც მათი უფლებები დაირღვევა.

მისივე თქმით, საქართველოში მუსლიმი თემის წარმომადგენლები იდევნებიან.

„აქ არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სჭირდებოდათ გვერდში დგომა. ჩვენი მუსლიმი დებისა და ძმების გვერდით ვიდგებით ბუკნარში, ადიგენში, წალკაში, თბილისში, აჭარასა და ნებისმიერ ადგილას, სადაც დაირღვევა ჩვენი უფლებები, ღმერთისგან და საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული. მართლები რომ არ ყოფილიყვნენ აქაური მუსლიმები, ჩვენ ახლა აქ არ ვიდგებოდით და არ გავაპროტესტებდით. აქ შეკრებილი ადამიანები არიან მართლები. ეს ამბავი მარტო ბუკნარელების ამბავი არ არის. წალკიდან, ხულოდან, ბათუმიდან ჩამოვიდა ხალხი. ვაპროტესტებთ არა მარტო ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს, არამედ საქართველოში ხდება ეს ყველაფერი, მუსლიმანები ვიდევნებით, სამწუხაროდ. ჩვენ ამ ამბავს მივხედავთ, დავალაგებთ მშვიდობიანად“, – განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარებაში უნდა ჩაერთოს ეკლესია და ცენტრალური ხელისუფლება.

შეგახსენებთ, ჩოხატაურის მერიასთან შეკრებილი მუსლიმი თემის წარმომადგენლები კიდევ ერთ შეხვედრას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი