საქართველოს მუსლიმთა სამმართველო - საქართველოს მუსლიმების სახელით, ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო - საქართველოს მუსლიმების სახელით, ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრები ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღმაშფოთებელია, რომ ახლო აღმოსავლეთში ძალადობა და კაცის კვლა რელიგიის სახელით ხდება, რაც შეურაცხყოფს ჭეშმარიტი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებს.

„ბოლო პერიოდში შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტებს. ვაცნობიერებთ რა, რომ ეს ცეცხლი შესაძლოა, უფრო გაღვივდეს და მეტი ქვეყნები მოიცვას, დაზღვეული არც ჩვენი სამშობლოა. ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, რომ ეს ძალადობა, კაცის კვლა რელიგიის სახელით ხდება, რაც შეურაცხყოფს ჭეშმარიტი მუსლიმების რელიგიურ გრძნობებს. ალლაჰი დედამიწაზე ყველა ადამიანს სხვისი ცხოვრების ხელშეუხებლობისკენ, მშვიდობისკენ, თანაგრძნობისა და შერიგებისკენ მოგვიწოდებს. როგორც წმინდა წიგნ ყურანქერიმში სურა მაიდეს 32-ე აიეთში ნაბრძანებია ” ის ვინც მოკლავს კაცს,რომელსაც არც ვინმე მოუკლავს და არც ავი ჩაუდენია ქვეყანაზე, თითქოს ერთიანად ამოეხოცოს ხალხი. ხოლო თუ ვინმე აცოცხლებს კაცს, თითქოს მთელი ხალხი ეცოცხლებინოს “…. კაცის კვლას, ძალადობას, ჩაგვრას, წამებას არაფერი საერთო არ აქვს ისლამთან. ისლამი მშვიდობის რელიგიაა და მშვიდობას ქადაგებს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს მუსლიმები, რომლებიც სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად, მშვიდობიანად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს განვითარებაში“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სულიერი ლიდერები საქართველოს მუსლიმების სახელით, ემიჯნებიან და გმობენ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას.

„ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. ჩვენ, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სულიერი ლიდერები საქართველოს მუსლიმების სახელით, ვემიჯნებით და ვგმობთ რელიგიის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობას. ამის ჩამდენი პასუხს აგებს კანონისა და ღმერთის წინაშე. როგორც საქართველოს მოქალაქეები, მოვუწოდებთ ყველას, მიიღოს ზომები ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამასთან ერთად, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ და არავის არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების ხელყოფის უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი მუსლიმთა ლიდერები გუშინ, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ დაკავებულებთან არანაირი კავშირი არ აქვთ და მათზე არც რაიმე ინფორმაციას ფლობენ.