საქართველოს მუფთი - პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება რამადანის თვეშიც ძალაში დარჩება, მოვუწოდეთ მორწმუნეებს, შინ ილოცონ
საქართველოს მუფთი - პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება რამადანის თვეშიც ძალაში დარჩება, მოვუწოდეთ მორწმუნეებს, შინ ილოცონ

მუსლიმური სამყარო მძიმე მარხვას იწყებს. დღეს, 00:00 საათის შემდეგ რამადანის თვე დგება.

მეჩეთებში ყოველ საღამოს სრულდება „თარავის“ ლოცვა, თუმცა ქართველი მუსლიმებისთვის წლევანდელი წელი გამონაკლისი იქნება – საქართველოში პანდემიის გამო ყველა მეჩეთში ჯგუფური ლოცვა შეჩერებულია.

საქართველოს მუფთის, ადამ შანთაძის განცხადებით, პანდემიის გამო მიღებული გადაწყვეტილება რამადანის თვეშიც ძალაში დარჩება.

„მეჩეთებში საღამოობით აღარ შესრულდება „თარავის“ ჯგუფური ლოცვა. მოვუწოდეთ მორწმუნეებს, მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შინ ილოცონ. ჯერ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ბაირამის დროს. იქამდე ერთი თვეა, გადაწყვეტილებასაც მოვლენათა განვითარების შესაბამისად მივიღებთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

ერთთვიანი მარხვის დასასრულს, მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 24 მაისს აღინიშნება.

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვე და ორი უდიდესი დღესასწაულიდან ერთ-ერთია. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია. მარხვის დროს, რომელიც 30 დღე გრძელდება, მუსლიმს დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავის შეკავება ევალება. მარხვა რამაზან-ბაირამის სამდღიანი ზეიმით მთავრდება.