საქართველოს მთის კურორტები დამსვენებლებს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება
საქართველოს მთის კურორტები დამსვენებლებს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება

ზამთრის სეზონზე მთის კურორტები დამსვენებლებს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება.

„სვანეთში, ზურულდის მთაზე შენდება ახალი საბაგირო კომპლექსი. მოხდა არსებული ამორტიზებული საბაგიროს დემონტაჟი, აქტიურად მიმდინარეობს საყრდენი სვეტებისა და საბაგიროს სადგურების მონტაჟი. ზურლიდის მთაზე 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გაშვებული იქნება გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1 800 მგზავრი იქნება, სიგრძე კი 1 421 მეტრი. ეს გახლავთ 10-ადგილიანი გონდოლა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს“, – აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

რაც შეეხება ბაკურიანს, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები. ჯამში 1 406-მეტრიან სათხილამურო გზას 23 ფიქსირებული და სამი მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. სამუშაოებს იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი“ განახორციელებს.

მეხის დაცემის შედეგად დაზიანებულ კოხტას საბაგიროს კი, სრულად ჩაუტარდება რეკონსტრუქცია. რაც შეეხება კურორტ გუდაურს, საბაგირო „გუდაურას“ (გონდოლას ტიპის საბაგირო) შეეცვლება ძველი დაზიანებული ბაგირი ახლით.

ჯამში კურორტებზე არის – გუდაურში: 11 დიდი საბაგირო, ოთხი ბიგელი, სამი მოძრავი ხალიჩა; ბაკურიანში: დიდველზე ექვსი საბაგირო, კოხტა – ერთი შუალედური სადგურით, მიტარბი – სამი საბაგირო; სვანეთში: თეთნულდზე ხუთი საბაგირო, ჰაწვალზე – ორი საბაგირო (აქიდან ერთ-ერთი მშენებარეა და წლის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში) სვანეთის ხუთ სოფელში – მაზერში, ეცერში, უშგულში, უშხვარანში, დაბა ლენტეხში – არის მცირე ზომის საბაგიროები; გოდერძიზე: ორი დიდი საბაგირო და ერთი მოძრავი ხალიჩა.