საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარსადგენად, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარსადგენად, სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის“ სამუშაო ჯგუფმა დღეს პირველი სხდომა გამართა და სამუშაო გეგმა განიხილა. პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტში შექმნილი ჯგუფის მიზანია საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარდგენა.

დღეს დაიგეგმა, რომ შეიქმნება გადამღები ჯგუფი, რომელიც ნომინაციაზე წარსადგენად ფილმს მოამზადებს, მანამდე კი სამუშაო ჯგუფი იმ ოჯახების ნუსხას შეადგენს, რომლებიც ლუდს ტრადიციული მეთოდებით ხარშავენ. პარალელურად, დაიგეგმა სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციების ჩატარება იმის აღსაწერად, სად რა ტრადიციაა შემორჩენილი.

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი სამუშაო ჯგუფი ყველა უწყებასთან კოორდინაციას გეგმავს და ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის სრული პაკეტი ექნება მომზადებული, ხოლო მომავალი წლის მარტში საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციულ მეთოდს იუნესკო-ს ნომინაციაზე წარადგენენ.

როგორც სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა განაცხადა, იუნესკო-ს მიერ საქართველოდან ხუთი ნომინაციაა აღიარებული.

„ჭიდაობა, ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგია, ხორბალთან, პურის ცხობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ნომინაცია მოვიპოვეთ, ჩვენი ანბანი, პოლიფონია. კარგია, რომ წინ მივდივართ და ახლა დავიწყებთ მუშაობას მთის ლუდთან დაკავშირებით, მთის ლუდის ხარშვის ტექნოლოგიებთან, რიტუალებთან დაკავშირებით. თითზე ჩამოსათვლელი ოჯახები იცავენ ამ ტრადიციას და წესს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს გავუფრთხილდეთ, განვავითაროთ და უფრო თანამედროვე მიდგომებით მივუდგეთ ამ საკითხს. არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, უფრო წინაც წავიდეთ. ჩვენი შემოთავაზებაა, ჩვენი კომიტეტი, როგორც წამყვანი სტრუქტურა, დაუკავშირდება ყველა უწყებას, კოორდინაციას მოვახდენთ უწყებებს შორის და დაგიგზავნით ხოლმე ყველა მასალას, ყველა დოკუმენტს, რა პროცესში ვართ, სამომავლოდ რა გვაქვს გასაკეთებელი. სააღრიცხვო ბარათსაც დაგიგზავნით, რომ იცოდეთ და წარმოდგენა გქონდეთ, რა საბუთებს ითხოვს იუნესკო, როდესაც მიმართავ ამა თუ იმ ნომინაციაზე. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის შეგვეძლება, სრული პაკეტი გვქონდეს. წარდგენა წელს ვერ მოხდება. მომავალი წლის მარტიდან შეგვეძლება, დოკუმენტები გავაგზავნოთ. მანამდე ყველაფერი სათანადოდ უნდა გვქონდეს დასრულებული“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სალომე ხმიადაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა, როგორიც არის მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი, წარმატებით დაგვირგვინდება.

„მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით გარკვეული სპეციფიკაციური მოთხოვნებია. პირველ რიგში, ამ აღიარებით იუნესკო იცავს თავად იმ თემის წარმომადგენლებს, რომლებიც პრაქტიკულად არიან ამ საქმეში ჩართული. ვინაიდან რეალურად მთა უკვე დაცლილია, ხალხი ძირითადად ბარშია ჩამოსული, სწორედ ამ დღესასწაულებისთვის, ემოციური დატვირთვით, იმ ისტორიული დატვირთვითა და იდენტობის გაცნობიერებით დადის იქ ხალხი და რიტუალებს აღასრულებს, ეს არის უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არამატერიალური მემკვიდრეობის. ამ ნომინაციას გამარჯვების და აღიარების საფუძველი რეალურად აქვს“, – განაცხადა სალომე ხმიადაშვილმა.