საქართველოს მთავრობის განმარტებით, 2021 წლისთვის ეკონომიკა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას და ზრდა 4,3 პროცენტი იქნება
საქართველოს მთავრობის განმარტებით, 2021 წლისთვის ეკონომიკა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას და ზრდა 4,3 პროცენტი იქნება

საქართველოს მთავრობის განმარტებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისის ფონზე, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკური აქტივობა. აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში აღნიშნავს, რომ შოკი იყო ორმხრივი – როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების მხრიდან და შედეგად, ბიზნესების ნაწილს შეექმნა მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეები და სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხე.

მათი ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა დაუბრუნდება პოზიტიურ დინამიკას და ზრდა იქნება – 4.3%.

„შემდგომი ოთხი წელიწადი უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან სწრაფი გამოსვლისა და აღდგენის, სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდი. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მოკლევადიანი პრიორიტეტი იქნება – Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შემცირება/ეკონომიკური დანაკარგების მინიმიზაცია; პანდემიამდე არსებული პოზიტიური ტენდენციების აღდგენა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

აღნიშნული მიიღწევა ფისკალური დისციპლინის, სახელმწიფოს მიერ დაზარალებული ეკონომიკური სექტორების ხელშეწყობის, ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მხარდაჭერისა და სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების ეტაპობრივი ღონისძიებებით.