საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას და მისი შემდგომი განვითარების მიმართულებებს.

„UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს შორის არსებული ურთიერთობებით კმაყოფილება გამოთქვა. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შედეგად წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო გაერო-სა და საქართველოს მთავრობის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რაც თანამშრომლობას სხვა საფეხურზე გადაიყვანს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის ახალი ფორმატის უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესები, რასაც გაერო-ს ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები დაეფუძნება.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს იმ ეროვნულ ხედვებს, სტრატეგიებსა და სამთავრობო პროგრამებს, რომლებსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი დაგლას უები დაესწრო.