საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ლიტვის პრემიერ-მინისტრის  დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საულიუს სკვერნელისი დელეგაციის თანხლებით ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.

ცერემონიაზე ორივე ქვეყნის ჰიმნი გაჟღერდა. გიორგი კვირიკაშვილი საულიუს სკვერნელისს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

30 იანვარს ლიტვის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, ასევე – ეწვევა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ფრეზეთში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

საულიუს სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს. ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში 30 იანვარს დასრულდება.