საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს არის კანონპროექტის, რომლის მიღების შემდეგაც ქვეყანა გადავა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე.

„საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის შშმ პირთა თემი სწორედ იმ კანონს ელოდა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. ეს გახლავთ კანონპროექტი შშმ პირთა უფლებების შესახებ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს, თითოეულ ჩემს კოლეგას და მთავრობის ადმინისტრაციას, მრავალწლიანი მუშაობისთვის, რომელიც წარიმართა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეს იყო კომპლექსური, სირთულეებით სავსე სამუშაო. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა ორგანიზაციას, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა და წარმოადგენს სწორედ შშმ პირთა თემს. კანონპროექტი საქართველოს მთავრობამ ერთსულოვნად დაამტკიცა და გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოცემული კანონპროექტით, ჩვენი ქვეყანა გადავა აბსოლუტურად ახალ სფეროში და ამას ელოდნენ სწორედ ჩვენი შშმ პირები. კერძოდ, ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე, დასრულდება ხანა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ შშმ პირი, არის ჯანდაცვის სისტემის ზრუნვის საგანი. შშმ პირი გახდება, როგორც ეს არის მაღალდემოკრატიულ ქვეყნებში, სოციალური უფლებების სფეროში დაცვის, როგორც ობიექტი, ასევე სუბიექტი. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტში რატი იონათამიშვილთან ერთად, სხვა დეპუტატებიც დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, პროექტში არის ისეთი პრინციპებიც და სიახლეებიც, როგორიცაა გონივრული მისადაგების პრინციპი.

„ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ შშმ პირი, თითოეული ჩვენგანის თანასწორ პირობებში იყოს ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იყოს ყველასთან ერთად თანასწორი. არა მხოლოდ კანონის, არამედ სერვისებისა და სხვა მომსახურებების წინაშე. ამ მიზნით კანონპროექტი ითვალისწინებს 2020 -2030 წლის პერიოდს, როდესაც მთავრობას ევალება შეიმუშაოს 10-წლიანი სტრატეგია. სამინისტროებს ევალებათ შეიმუშაონ წლიური სამოქმედო გეგმები და ეტაპობრივად შემოვიდეს შშმ პირის სტატუსის მინიჭების ახლებური მოდელი, კერძოდ, ეს ახალი მოდელი არის ბიოფსიქოსოციალური მოდელი, რაც ჩვენ წინასწარ უკვე ვიცით, რომ გაზრდის ჩვენს ქვეყანაში სტატუსს მინიჭებული პირების ოდენობას. გარკვეული ოდენობა შშმ პირებისა დღეს არის დარჩენილი დაცვის მექანიზმების მიღმა, რადგან შეფასების მოდელი არ არის ბიოფსიქოსოციალური“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში, რომ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ხელი შეუწყონ შშმ პირთა ცენტრების შექმნას, რომელიც იქნება საკონსულტაციო და მომსახურების ცენტრები, ასევე შემოიღონ სრულიად ახალი ინსტიტუტი, ეს არის პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტი.

„რაც შეეხება შენობებს და ინფრასტრუქტურას, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ ვალდებულება შემოიტანა, რომ თითოეული ახალი შენობა ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებზე. აქ ჩვენ პრაქტიკულად პრობლემა აღმოვფხვერით უკვე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ პრობლემად რჩება ძველი შენობები. ეს პროექტი, რომელიც დღეს დამტკიცდა, ამბობს, რომ 2020 წლიდან 2035 წლამდე ყველა საჯარო დაწესებულება, იქნება ეს სკოლები თუ სხვა, თითოეულმა სამინისტრომ უნდა გარდაქმნას, ამას ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიცია დასჭირდება. ამ 15-წლიან პერიოდში ძველი შენობების ადაპტირება უნდა დასრულდეს. უფრო მეტიც, ეს კანონი შეეხება კერძო სექტორის შენობებსაც, თუ ამ შენობებში გაიცემა მომსახურება. თუ ეს ახალი ნორმა ეხება საჯარო დაწესებულებების სფეროში ყველა დაწესებულებას და შენობას, კერძო სამართლის სუბიექტების შემთხვევაში, ეს შეეხება მხოლოდ ძველ შენობებს, რომლებშიც გაიცემა ამა თუ იმ ტიპის მომსახურება, რათა ყველამ თანასწორ პირობებში შევძლოთ მომსახურების მიღება. ამ კანონით შემოდის, სპეციალური მოსარჩელის სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი, ვისაც აქვს შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში სასამართლო დაცვის გამოცდილება, შეძლებენ, შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის მათ ნაცვლად იდავონ სასამართლოში და დაიცვან მათი უფლებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.