საქართველოს მთავრობამ ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანა, ისინი კარანტინში გადაიყვანეს
საქართველოს მთავრობამ ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანა, ისინი კარანტინში გადაიყვანეს

საქართველოს მთავრობამ შესაბამის ქვეყნებთან გამართული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და ირანს შორის საზღვრის დაკეტვის გამო ირანის ტერიტორიაზე რჩებოდნენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული პროტოკოლის დაცვით, შესაბამისი ტრანსპორტით საქართველოში ჩამოიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მისივე ცნობით, მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ.

„მათ ადგილზე შესაბამისი შემოწმება გაიარეს და სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაყვანილ იქნენ საკარანტინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.