უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის მოპოვებისთვის დადგენილი თანხა შესაძლოა გაეზარდოს
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის მოპოვებისთვის დადგენილი თანხა შესაძლოა გაეზარდოს

საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს.

ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. კანონპროექტზე მუშაობაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმის შემოღებაა.

საქართველოში მყოფი უცხოეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ, ხელოვნურად შექმნან სამართლებრივი საფუძველი ქვეყანაში დასარჩენად, კერძოდ:

არალეგალის მიერ თავშესაფრის მოთხოვნა აღარ ჩაითვლება საქართველოში ლეგალურად ყოფნად ბინადრობის ნებართვის მიღებისათვის;

თუ მიღებულია უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, მას სასამართლოში საქმისწარმოების მოტივით საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება;

საქართველოში ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე;

შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, მუდმივი ცხოვრების ნებართვა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა С კატეგორიის ორდინარული ვიზის საფუძველზე. გამონაკლისი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლისთვის განკუთვნილი სპეციალური ბინადრობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის განკუთვნილი დროებითი ბინადრობის ნებართვა.

აქვე, ვიდრე კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება, იუსტიციის სამინისტრო გაიზიარებს ეკონომიკის სამინისტროს იდეას მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით.

დღეს არსებული ნორმის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მოკლევადიანი ბინადრობის მოპოვება, თუკი ის საქართველოში შეიძენს 35 000 დოლარის ღირებულების არასასოფლო დანიშნულების უძრავ ქონებას. ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივაა, რომ ეს დადგენილი თანხა გაიზარდოს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი არსებული რეგულაციების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაა უცხო ქვეყნის ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან. პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი ფორმალურად ითხოვს თავშესაფარს და, პარალელურად, ცდილობს ბინადრობის ნებართვის მიღებას; ან ითხოვს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულების გადავადებას სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმისწარმოების მოტივით, ამის შემდეგ კი სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით; აგრეთვე, იღებს მოკლევადიან С კატეგორიის ვიზებს და შემდეგ ითხოვს ბინადრობის ნებართვას. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, კანონის არაკეთილსინდისიერად გამოყენებას ისინი ვეღარ შეძლებენ. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში.

დღეს ეს ვადა 6 წელს შეადგენს. 12 წლამდე იზრდება დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა. დღეს მისი მაქსიმალური ხანგრძლივობა 6 წელია. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოში მუდმივად დარჩენის მოტივი, 6 წლის გასვლის შემდეგ ის კვლავ მიიღებს დროებითი ბინადრობის ნებართვას, ნაცვლად მუდმივი ცხოვრების ნებართვისა.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.