საქართველოს მთავრობა - შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა გაფართოვდა და ის უკვე ღვინის ინდუსტრიასაც მოიცავს
საქართველოს მთავრობა - შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა გაფართოვდა და ის უკვე ღვინის ინდუსტრიასაც მოიცავს

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე, მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს.

უწყების ცნობით, საუბრისას განიხილეს მსოფლიო პანდემიის გამო მეღვინეობის ინდუსტრიაში შექმნილი მდგომარეობა და ზარალი, რომელიც დარგმა შემცირებული ტურიზმის პირობებში მიიღო.

იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ბიზნესის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რომლებიც მეღვინეობის სექტორსაც ეხება.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა და ის უკვე ღვინის ინდუსტრიასაც მოიცავს, რაც ღვინის კომპანიებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადალახვაში შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავებაში პრობლემები არ შეიქმნას და რთველის სეზონს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.