საქართველოს მთავრობა - კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან მთავრობამ განაცხადა მზადყოფნა, დახმარებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა ადამიანს
საქართველოს მთავრობა - კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან მთავრობამ განაცხადა მზადყოფნა, დახმარებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა ადამიანს

22 მარტი-22 მაისის პერიოდში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 233 პირი გადმოვიდა, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა, – ამის შესახებ აღნიშნულია „COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში“, რომელიც საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან მთავრობამ ნათლად განაცხადა მზადყოფნა, დახმარებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა ადამიანს.

ანგარიშის მიხედვით, მარტის დასაწყისიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას გაეწია დახმარება რამდენიმე მიმართულებით, რომლებიც მოიცავდა: ინფორმაციის დროულად მიწოდებას, საექსპერტო ცოდნის გაზიარებას, სამედიცინო საშუალებების ადგილზე შეტანას, გადმოყვანილი პაციენტების მკურნალობას. 41 ოპერატიულად ითარგმნა და გავრცელდა სათანადო მასალა აფხაზურ და ოსურ ენებზე. ინფექციონისტების მიერ ხდებოდა საჭიროებისამებრ დისტანციურად რჩევების გაცემა და გამოცდილების გაზიარება.

„აფხაზეთის რეგიონს სხვადასხვა არხით არაერთხელ გადაეცა კორონავირუსისგან თავის დაცვის სხვადასხვა სამედიცინო საშუალებები, აღჭურვილობა და ჰიგიენის ნივთები. ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ანალოგიური დახმარება გაეწია ასევე გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მათ შორის მრავალშვილიან ოჯახებს და შშმ ბავშვებს, რასაც კამპანიური ხასიათი აქვს.

კორონავირუსის პანდემიამდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო სერვისების მისაღებად ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი გადმოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება მნიშვნელოვნად შემცირდა, პრაქტიკულად ყოველდღიურად ფიქსირდებოდა როგორც სასწრაფო, ისე გეგმიური სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირთა ნაკადი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შესაბამისმა უწყებებებმა ერთობლივად შეიმუშავეს პაციენტების მართვის გეგმა, ხოლო ენგურის ხიდთან გაიხსნა საველე ჰოსპიტალი, სადაც ექიმები განთავსდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თითოეულ პაციენტს უმოწმდებოდა ცხელება და ჩივილების შესაბამისად ხდებოდა მათი გადაყვანა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის მიზნით, აღიჭურვა და მუშაობა დაიწყო რუხის საავადმყოფომ, რომელიც აშენდა გრძელვადიანი მიზნებისთვის, რაც, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის გამარტივებას ემსახურება.

„ჯანდაცვის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებდა კონსლუტაციებს სხვადასხვა კლინიკებთან, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული თითოეული პირის სამეციდიცინო შემოწმების და საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში მოთავსების მიზნით. მთლიანობაში 22 მარტი – 22 მაისის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 233 პირი გადმოვიდა, რომელთაგან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

ყველა ზემოაღნიშნულ პროცესში, საჭიროების შესაბამისად, აქტიურად ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის მექანიზმის გამოყენება. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენებოდა პაციენტების გადმოყვანისას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დატოვე კომენტარი