საქართველოს მთავრობა - ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
საქართველოს მთავრობა - ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში ყურადღებას საგარეო მიმართულებით გატარებულ პოლიტიკაზე ამახვილებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელება. სწორედ ამიტომ, მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ მხრივ, საანგარიშო პერიოდში შემუშავდა ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიში და 2020 წლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა.

აღმასრულებელი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ 2019 წელს დაიწყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მშენებლობა.

„2019 წლის ნოემბერში ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებს გადაეცა საქართველოს მთავრობის წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. სხვადასხვა ეტაპზე შემუშავდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს ერთობლივი პოზიციები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი მიზნების, ასევე ასოციირებული პარტნიორებისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის თაობაზე, რომლებიც მიეწოდა ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებს; 2020 წლის აპრილში მომზადდა და ვიშეგრადის ქვეყნებს გადაეცა საქართველოს პოზიცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალსა და „ვიშეგრადის ჯგუფის“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში; მომზადდა წინადადებები აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის სამიტისთვის ევროპარლამენტის რეკომენდაციების პროექტზე”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს, შვეიცარიამ და საბერძნეთმა საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარეს (დღეისთვის აღიარებულია 16 ქვეყნის მიერ).

„საანგარიშო პერიოდში ევროკავშირთან აქტიური მუშაობის შედეგად, ევროკავშირის ორმხრივი დახმარებიდან, ჯამში, 183 მილიონი ევრო მიმართული იქნება საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.