საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 23:10 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 23:10 დაამარცხა

ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მორიგი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა და ესპანეთი დაამარცხა.

მილტონ ჰეიგის გუნდს ესპანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ ნახევარში „ბორჯღალოსნებმა“ ლელო ვერ დადეს. ჩვენებმა უპირატესობა სოსო მათიაშვილის სამი ჯარიმით მოიპოვეს 9:3.

საქართველომ მეორე ნახევარში საჯარიმო ლელო დადო და უპირატესობა მოიპოვა – 16:3. ამის შემდეგ ესპანეთმა მთელი ძალებით შეუტია, ლელო დადეს და გარდასახვა გამოიყენა – 16:10.

თუმცა მატჩის ბოლო წამებზე გიორგი მელიქიძემ კიდევ ერთი ლელო დადო, გარდასახვაც მათიაშვილმა ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ 23:10 მოიგეს.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებთან ჩაატარებს.