საქართველოს მოქალაქეებს უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოს მოქალაქეებს უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის მთავრობის მიერ განსაზღვრული დეფიციტური პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობას მიიღებენ.

მათივე ცნობით, უნგრეთის მთავრობამ საქართველო შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დროის განსაზღვრული პერიოდით გამარტივებული წესით მიიღონ უნგრეთში სამუშაო ნებართვა.

უწყების ცნობით, ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელიც ბუდაპეშტში ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

„მოხარული ვარ, რომ უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შეტანილ იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული გამარტივებული პროცედურებით. ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა აუდიენციის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.