საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ათენიდან ავიარეისი შესრულდება
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ათენიდან ავიარეისი შესრულდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ათენიდან თბილისის მიმართულებით.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, „კოვიდ 19“-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მესამე ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან.

მათივე ცნობით, მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები და მათი თანმხლები პირები, არასრულწლოვანი და ხანდაზმული მოქალაქეები.

„აღნიშნული რეისით ასევე ისარგებლებენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ტრანზიტულად მგზავრობდნენ საბერძნეთის გავლით და კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყნის დატოვებას. ავიარეისით სამშობლოს დაუბრუნდებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც „კოვიდ 19“-ის გავრცელების შედეგად დარჩენილი იყვნენ თავშესაფრის გარეშე.

საელჩოს ორგანიზებით მოხდება ჯანმრთელობის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობის მქონე პირების სპეციალური რეანომობილით ტრანსპორტირება აეროპორტამდე.

ასევე, ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ჩართულობით, მოხდა იმ ჩვენი თანამემამულეების ათენამდე ტრანსპორტირება, ვინც კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების პირობებში ვერ ახდენდა დამოუკიდებელ საქალაქთაშორისო გადაადგილებას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

4 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 646 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 9 486 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენები: 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი – ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

დატოვე კომენტარი