საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მიზნით, დღეს თელ-ავივი-თბილისის რეისი შესრულდება, ამავე რეისით საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ
საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მიზნით, დღეს თელ-ავივი-თბილისის რეისი შესრულდება, ამავე რეისით საქართველოში იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან დღეს, 18 აპრილს  მორიგი ავიარეისი განხორციელდება, თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები,  სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე დაავადებების მქონე პირები, ასევე, ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან.

„აღსანიშნავია, რომ ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან“, – აცხადებს საგარეო უწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

გარდა ამისა, 18 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 7353 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 6435 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს. საბჭოს მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

საგარეო უწყება ამბობს, აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს

დატოვე კომენტარი