საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ვარშავიდან დაბრუნდებიან
საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ვარშავიდან დაბრუნდებიან

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს გეგმური რეისების ფარგლებში შესრულდება ფრენა ვარშავა-თბილისის მიმართულებით, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამშობლოში დასაბრუნებლად ამ რეისით მოსარგებლე მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები და მძიმე დაავადებების მქონე პირები.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ ავივიდან, ბარსელონადან, ასევე აშშ-დან. აღნიშნული რეისებით სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები.

„27 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 15,393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,988 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.