საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს საბერძნეთიდან დაბრუნდებიან
საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს საბერძნეთიდან დაბრუნდებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ათენიდან განხორციელდება.

„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება მორიგი ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან.

ამ რეისით სამშობლოს დაუბრუნდება 180-მდე თანამემამულე მათ შორის არასრულწლოვნები, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმული პირები. მგზავრები საქართველოში დაბრუნებისას გაივლიან 14 დღიან საკარანტინო პერიოდს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

19 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 919 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 12 040 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული მორიგი ავიარეისი შესრულდება 22 მაისს რომიდან.