საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან
საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ამსტერდამიდან დაბრუნდებიან

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღევანდელი რეისით საქართველოში ჩამოვა 181 თანამემამულე, რომელთა უმრავლესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-იდან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ფრენები შესრულდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან, ასევე აშშ-იდან და ა.შ.

„15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11,046 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 18 მაისი – ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი.