საქართველოს მოქალაქე ირანში გაროზგვას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაურჩა
საქართველოს მოქალაქე ირანში გაროზგვას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაურჩა

საქართველოს მოქალაქემ, ირანში გაროზგვის მუქარის გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, – ამის შესახებ სასმართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

როგორც ირკვევა, სტრასბურგის სასამართლოს ბულგარეთში მცხოვრებმა ქართველმა მიმართა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი ირანში ექსტრადირება დაუშვებელია, რადგან იქ გაროზგვით ემუქრებიან. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ეს მართლაც ასეა და საქართველოს მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა.

„სასამათლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ქურდობაში ადანაშაულებენ, ირანში სულ მცირე 74-ჯერ გაროზგვა ემუქრება“, – ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომჩივანის ირანში ექსტრადირება ევროპული კონვენციების დარღვევა იქნებოდა, ამიტომ ბულგარეთის ხელისუფლებას მისი ირანისთვის გადაცემა აეკრძალა.

საქართველოს მოქალაქე გ.ს, რომელიც 1951 წელს დაბადებულია, ამჟამად სოფიას ციხეში იმყოფება. ის 2016 წელს სოფიას აეროპორტში დააკავეს, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებებოდა. როგორც ირკვევა, მან ირანში ყოფნისას ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან 50 000 ევრო მოიპარა. ირანმა მისი ექსტრადირება 2017 წლის იანვარში მოითხოვა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ მოქალაქის უფლებების დასაცავად საქართველოს მთავრობის სახელით 2017 წლის ივლისში სტრასბურგის სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ გ.ს-ს უფლებებისა და ინტერესების დაცვა ისევე, როგორც უცხოეთში მყოფი სხვა საქართველოს მოქალაქეებისა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა ბულგარეთს, არ გადასცეს საქართველოს მოქალაქე ირანს ევროპული კონვენციისთვის მიუღებელი სასჯელის საფრთხის გამო. ამ საქმის განხილვისას ჩვენი მოქალაქის უფლებების დასაცავად ჩაერთო იუსტიციის სამინისტრო. კერძოდ, მან საქართველოს მთავრობის სახელით 2017 წლის ივლისში სტრასბურგის სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ გ.ს-ს უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ისევე, როგორც უცხოეთში მყოფი სხვა საქართველოს მოქალაქეებისა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ სასამართლოს მოუწოდა, გამოეყენებინა იგივე მიდგომა, რაც ექსტრადირების საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილი ჰქონდა;

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა მომჩივნისა და საქართველოს მთავრობის პოზიცია. შედეგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთი დაარღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს (წამების აკრძალვა), თუ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გ.ს-ს ირანში ექსტრადირებას“, – აღნიშნეს იუსტიციის სამინისტროში.