საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ერთობლივი მემორანდუმი გაფორმდება.

ზალკალიანის თქმით, მემორანდუმი ევროინტეგრაციის საკითხებზე საერთო სამოქმედო ნაბიჯებს ითვალისწინებს.

„დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ერთობლივ მემორანდუმს ევროკავშირში სამი ქვეყნის ერთობლივი ქმედებების შესახებ და იმისთვის, რომ ჩვენი სამი ქვეყანა იყოს თანმიმდევრული ჩვენს საბოლოო მიზანთან მიმართებაში, რაც გულისხმობს გაწევრიანებას. მემორანდუმში არის საერთო სამოქმედო ნაბიჯები სწორედ იმ მიმართულებით, რომელსაც ჩვენ ერთობლივად გადავდგამთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, რომ უკვე სამეულის ფორმალიზება მოხდა.

ეს სამეული ევროკავშირის ასოცირებული წევრია. ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ინტეგრაციული პროცესები და ამბიციური გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მემორანდუმი ასევე გულისხმობს თანამშრომლობას პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, სექტორული თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს სამი მიმართულება სამომავლოდ უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგათ. ეს ძალიან კარგია, კარგი დასაწყისია და ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ამას უაღრესად მიესალმებიან. კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ ჩვენმა სამეულმა თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგას საბოლოო მიზნისკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი