საქართველოს მეტოქე ლატვია ფინელმა მწვრთნელმა ჩაიბარა
საქართველოს მეტოქე ლატვია ფინელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეს, ლატვიის ეროვნულ გუნდს მიქსუ პაატელაინენი გაწვრთნის. ბალტიისპირელთა ნაკრები 2 ივნისს ბალტიის თასზე ესტონეთს შეხვდება და 51 წლის ფინელი სპეციალისტი გუნდს ამ შეკრებაზე ჩაიბარებს.

ლატვია ბოლო წლებში უმძიმეს კრიზისშია და ფიფა-ს ბოლო რეიტინგში 139 ადგილზეა. ადგილობრივი სპეციალისტების დანიშვნამ შედეგი არ გამოიღო და ახალი მთავარი მწვრთნელის მოძიება უცხოეთში გადაწყვიტეს.

თუმცა ეს პროცესი გაიწელა, რადგან ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დასრულებას ელოდებოდნენ. ამ პოსტზე კი ნაკრების კაპიტანი კასპერ გორკში აირჩიეს, რომელმაც კარიერა შარშან დაასრულა.

პაატელაინენი საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი გახლდათ, 2011–2015 წლებში კი ფინეთის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს მეტოქე იყო და ესპანეთის და საფრანგეთის შემდეგ ჯგუფში მე-3 ადგილზე გაიყვანა – მაშინ საქართველო მე-4 გავიდა.

პაატელაინენის ხელმძღვანელობით ფინეთმა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი დაიწყო, მაგრამ 20015 წელს, ზედიზედ ორი საშინაო მარცხის შემდეგ (ესტონეთთან 0:2, საბერძნეთთან 0:1) გაათავისუფლეს. ბოლოს 51 წლის ფინელი ტაილანდური “უბონ იუნაიტედის” დამრიგებელი გახლდათ.