საქართველოს მეტოქე ერთა ლიგაზე | „რეალის“ მეკარემ და „ბრენტფორდის“ ნახევარმცველმა უკრაინის ნაკრების შეკრებაზე ჩასვლა არ ისურვეს #1TVSPORT

09:32, 20.09.2026

უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, უკრაინის ეროვნულ გუნდს, სექტემბერ-ოქტომბრის მატჩებში ვერ დაეხმარებიან „ბრენტფორდის“ ნახევარმცველი ეჰორ იარმოლიუკი და მადრიდის „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი, რადგან ორივე მათგანმა შეკრებაზე ჩასვლა არ ისურვა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

TaToTake-ის ცნობით, ეჰორ იარმოლიუკს უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბიდან დაუკავშირდნენ. ანდრეა მალდერას სურდა გაერკვია, რატომ ამბობდა მოთამაშე უარს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადებაზე. ფეხბურთელის დასახელებული ოფიციალური მიზეზი ტრავმაა, თუმცა უკრაინულ მხარეს ამის არ სჯერა.

ინფორმაცია გაცვალეს უკრაინის ნაკრებისა და ლონდონის „ბრენტფორდის“ სამედიცინო შტაბებმაც. ფიფა-ს რეგულაციების თანახმად, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციას შეეძლო მოეთხოვა, რომ იარმოლიუკს სამედიცინო შემოწმება ნაკრების ბაზაზე გაევლო, თუმცა ინგლისური კლუბის მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ვითარების შესაფასებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ნაკრების შემადგენლობაში მეკარეები ანატოლი ტრუბინი, ჰეორჰი ერმაკოვი და დმიტრო რიზნიკი მოხვდნენ, ხოლო მადრიდის „რეალის“ კიპერი, ანდრეი ლუნინი, სამწვრთნელო შტაბის ყურადღების მიღმა დარჩა. უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვოლოდიმირ ციტკინმა Sport.ua-სთან საუბრისას ეს ფაქტი ადრინდელი ინციდენტით ახსნა:

„ვფიქრობ, ლუნინის არყოფნა, შესაძლოა, გასულ წელს მომხდარი ინციდენტის შედეგი იყოს, როდესაც მეკარემ ნაკრების წინა ხელმძღვანელობას სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა“, – განაცხადა ციტკინმა.

ჟურნალისტმა სერჰი ტიშჩენკომაც მსგავსი კომენტარი გააკეთა: „ლუნინს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ აქვს, ამიტომ, შესაძლოა, გადაწყვიტა, რომ ნაკრების შეკრებაზე არ წასულიყო და ეს დრო ოჯახთან ერთად გაეტარებინა. ჩემი აზრით, მან საკუთარი პოზიცია საჯაროდ უნდა განმარტოს. როდესაც „რეალის“ მეკარე ნაკრების მიღმა ახსნა-განმარტების გარეშე რჩება, ეს ნორმალური არ არის“.

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გუნდები ერთა ლიგაზე ერთმანეთს 28 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება.

მსგავსი